საქართველო არის უნიკალური ადგილი შავ ზღვაზე რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმაჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
მან ქვეყანას საქართველოს ევროპული გზის მე-16 კონფერენციის მასპინძლობა მიულოცა.
„წელს ეს კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილეობის 10 წლისთავს. ეს არის კარგი დრო ყველა წარმატების საზეიმოდ“, – აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ელიზაბეთ რუდმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობაზე ისაუბრა.
„აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა ძლიერია ისეთ სფეროში, როგორიცაა უსაფრთხოება და სამხედრო თანამშრომლობა, როლის ერთ-ერთი ფოკუსია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. საქართველო არის უნიკალური ადგილი შავ ზღვაზე რეგიონის და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად. ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობაც და ასევე თანამშრომლობა ნატო-ს ფარგლებში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებთან.
ბათუმში მეორე დღეა მიმდინარეობს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება. კონფერენცია გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.