შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, ქურდობის მცდელობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1987 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1986 წელს დაბადებული ბ.გ. და 1985 წელს დაბადებული დ.მ.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, ელექტროხელსაწყოების საშუალებით, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილ ბანკომატში არსებული თანხის მოპარვა და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომანქანით მიმალვა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ელექტროსაჭრელიხელსაწყო, კომპიუტერული ტექნიკა, ნიღაბი, პარიკი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
„გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მიმდინარე და გასულ წლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში ჩადენილი აქვთ 20-ზე მეტი დანაშაული“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიება ქურდობის, ქურდობის მცდელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ასევე, ამ დანაშაულის მცდელობის ფაქტებზე – საქართველოს სსკ-ს19-177-ე და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, 19-284-ე მუხლის და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.