საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას შეეხო.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თითქმის 30 წელია არსებობს და წლიდან წლამდე ეს თანამშრომლობა ვითარდება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.
სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადის ზრდის დინამიკას და გამოთქვა იმედი, რომ ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია, როდესაც სამხრეთ კორეული საზოგადოება საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, რაც საქართველოში სამხრეთ კორეული მხრიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებში გამოიხატება. როგორც სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და სამხრეთ კორეული კომპანიები მზადყოფნას გამოხატავენ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტებში.
სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა და ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კორეის რესპუბლიკას აწუხებს ის ვითარება, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მუნ ჰი-სანგის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.