საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბოლნისში საპარაშუტო მომზადების სკოლაში პირველადი საპარაშუტო მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიას დაესწრო.
ცერემონიას ასევე დაესწრო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე. მათ სამხედრო მოსამსახურეებს საპარაშუტო მომზადების კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. კურსის მსმენელებმა სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლება გამართეს. სამხედროებმა პარაშუტით საკვალიფიკაციო ნახტომი შეასრულეს. გამოცდილმა ინსტრუქტორებმა კი 1500 მეტრიდან თავისუფალი ნახტომის შესრულების დროს ჰაერში საქართველოს დროშა გაშალეს.
„მინდა მივულოცო ამ ახალგაზრდებს კურსის დამთავრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური ოპერაციული ძალები ახალი ნაკადით შეივსება. გუშინდელი საჰაერო შოუს შემდეგ დღეს ერთგვარად სიმბოლური იყო ქართველი სამხედროების საპარაშუტო კურსის გამოშვება. იმედი მაქვს, რომ 27 მაისს იპოდრომის ტერიტორიაზე მთელი თბილისი მოვა მათ სანახავად“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
სპეციალური ოპერაციების ძალების 14 სამხედრო მოსამსახურე მომზადების პროგრამას 3 კვირის განმავლობაში გადიოდა. სპეცდანიშნულების კურსის მსმენელებს თეორიული და მიწისზედა პრაქტიკული მომზადება ჩაუტარდათ. სწავლების განმავლობაში კურსანტებმა სხვადასხვა სირთულის 5 საპარაშუტე ნახტომი შეასრულეს. სამხედროების მომზადების დონე და დავალების შესრულების ხარისხი სპეციალური ოპერაციული ძალების პროფესიონალმა ინსტრუქტორებმა შეაფასეს. კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა საპარაშუტო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ბოლოს კი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა.