შესაძლოა, უკვე დროა, ეს კონფლიქტი გაიყინოს და დაუბრუნდეს სტამბოლი 2.0-ის ფორმულას, რადგან იქ მნიშვნელოვანი შედეგები იყო მიღწეული, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომელიც ომსკში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
მედიის ცნობით, თოყაევმა და პუტინმა შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.
„არ დავმალავ იმ ფაქტს, რომ ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან ბევრ შეტყობინებას ვიღებ. ამის შესახებ ტელეფონითაც გაცნობეთ. როგორც იცით, თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს არის სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი. ეს არ არის სამოქალაქო ომი. ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელ ხალხს, მათ კულტურასა და ენას. მიგვაჩნია, ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე გასაგები არ არის. მაგალითად, იყო კონფლიქტი, მათ შორის გაყინული კონფლიქტი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ჩვენთვის იმ კონფლიქტის არსი და წარმოშობის მიზეზები სრულიად გასაგები იყო. ისინი ღრმად იყო ფესვგადგმული ისტორიაში. მაგრამ აქ, ვითარების გაგება ძალიან რთულია. ვიცი, თქვენ გამოავლინეთ უმაღლესი დონის დიპლომატიური მოქნილობა ანკორიჯში. ეს მხოლოდ ჩემი მოკრძალებული აზრია. შესაძლოა, დადგა დრო, ეს კონფლიქტი გაიყინოს და დავუბრუნდეთ სტამბოლის ფორმულა 2.0-ს, რადგან იქ მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული. შემდეგ კი, ბუნებრივია, დიდი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის გარანტიების ქვეშ, უნდა გავაგრძელოთ სვლა დიდი ხნის ნანატრი მშვიდობისკენ“, – განაცხადა თოყაევმა პუტინთან საუბარში.
მისი თქმით, წინადადებებისა და მოწოდებების მიუხედავად, უარს ამბობს შუამავლის როლის შესრულებაზე, რადგან რუსეთი დიდი ქვეყანაა.
„მათ ყველა არსებული საკითხის მოგვარება შუამავლების გარეშე შეუძლიათ. მაგრამ დღეს, გადავწყვიტე, ჩემი მოკრძალებული აზრი გამომეთქვა, რადგან ხალხმა იცოდა, რომ ომსკში ვაპირებდი ჩასვლას. იცოდნენ ჩვენი შეხვედრის შესახებ და მთხოვეს, გადმომეცა მათი მოსაზრებები იმის შესახებ, როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა. მაგრამ არავინ იცის, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რადგან არსებობს მხარეთა პოზიციები. მეორე მხრივ, არსებობს მთელი პროცესის გაყინვის ვარიანტი. ეს არის მეთოდი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში უკვე გამოცდილია. ტრაგიკულია, რომ ახალგაზრდები იღუპებიან. ისინი რუსი და უკრაინელი მოძმე ხალხების გენოფონდს წარმოადგენენ. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, რაც ახლა ხდება, მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებს აძლევს სარგებელს. ეს არის ის, რისი თქმაც მინდოდა. რაც შეეხება ყაზახეთის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ – ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით და კვლავაც მივიჩნევთ რუსეთს დიდ სახელმწიფოდ“,- განაცხადა თოკაევმა.
პუტინმა ტოკაევის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
