უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუმინეთში, ტუშვანიოშის საზაფხულო ბანაკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი არსებობას შეწყვეტს, თუ რეფორმებს არ გაატარებს.
კითხვაზე, იარსებებს თუ არა ევროკავშირი 25 წლის შემდეგ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უარყოფითად უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი თავისი ახლანდელი სახით სიცოცხლისუნარიანი არ არის. მან ხაზი გაუსვა, რომ, ისევე როგორც რიგი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირიც შესაძლოა გაქრეს ან კარდინალურად შეიცვალოს, თუ უახლოეს წლებში განახლებას ვერ შეძლებს.
„ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი არ შესწევთ, ქრებიან. ჩემი აზრით, ევროკავშირს ჯერჯერობით არ გააჩნია ადაპტაციის უნარი. მე არ მინდა, რომ ის გაქრეს. მე მინდა, რომ მან ადაპტირება შეძლოს, ამაში უნგრეთმა თავისი როლი ითამაშოს, ჩვენ ამ ადაპტაციით სარგებელი მივიღოთ და გამარჯვებულები გავხდეთ. მაგრამ დღევანდელ ევროკავშირზე გულახდილად რომ ვთქვათ, ეტყობა, რომ მას თვითრეფორმირების უნარი არ შესწევს. სწორედ ამიტომ არ ვუწინასწარმეტყველებ მას დიდ მომავალს“, – განაცხადა ორბანმა.
კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას, ორბანმა უპასუხა, რომ ეს პოსტი საერთოდ უნდა გაუქმდეს. მან განმარტა, რომ, მისი აზრით, კავშირის რეფორმირება უნდა მოხდეს, კომისიის განუსაზღვრელი უფლებამოსილება კი შეიზღუდოს. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „პატრიოტები ევროპისთვის“ ბრიუსელში სრულ ხელისუფლებას მოიპოვებენ და აღადგენენ ძველ ბალანსს, რომელიც ბრიუსელელი ბიუროკრატების სასარგებლოდ და წევრი ქვეყნების ხარჯზე დაირღვა.
მისივე თქმით, პრობლემები 2015 წელს დაიწყო, როდესაც ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით კომისია სამართლებრივი კოორდინაციისა და ხელშეკრულებების დაცვის გარანტის ფუნქციის მქონე ორგანოდან პოლიტიკურ ორგანოდ გარდაიქმნა.
