საქალაქო სასამართლოში, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 10 პირის პროცესი იწყება.
ამერიკელ ფოტოგრაფთან ერთად, რომელიც გამოძიების ვერსიით, სქემის ორგანიზატორად ითვლება, დღეს 9 მშობლის საქმეც განიხილება, რომლებიც 22 დაკავებულს შორის არიან.
ბრალდების ინფორმაციით, ისინი შვილებს ფოტოსესიაში მონაწილეობას აიძულებდნენ და სანაცვლოდ თანხებს იღებდნენ.
დღეს ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ადვოკატები მოითხოვენ, რომ სახელმწიფო ბრალდების გარკვეული მტკიცებულებები, სასამართლომ არ დაუშვას.
“ფარული მიყურადების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებში ამგვარი არაერთია. ამიტომ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ზოგადად იქნება იმ ტიპის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა, რომელიც ფარულ მიყურადებებსა და ინტერნეტიდან ინფორმაციის მოხსნას შეეხება.
რაც შეეხება იმას, ჩაიდინეს თუ არა მათ დანაშაული, ამ საკითხზე კითხვის ნიშნებია, ამის დაჯერება არის ძალიან რთული, ვინაიდან ყველა არასრულწლოვანი ამბობს, რომ მშობლებისთვის ასეთი რამ არ უთქვამთ, რადგან ეს იყო მისი და გადამღები პირის კონკრეტული საიდუმლო,” – განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.