3 იანვარს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 21 წლის სოფო ვახტანგაძე ბუნებრივი აირის ნამწვის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
ახალგაზრდა გოგონას ცხედარი, მისმა ნათესავმა იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, რომელშიც სოფო ვახტანგაძის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილის ძმას ნაგირავები ჰქონდა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედიის დღეს, ოჯახის წევრები სოფელში იმყოფებოდნენ, სოფო კი ბინაში სარეცხის გასარეცხად მივიდა და შემდგომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა.
„ბინაში ამ გოგონას ძმა და რძალი ცხოვრობდნენ. დაახლოებით სექტემბრიდან გადმოვიდნენ. ისინი საახალწლოდ სოფელში წავიდნენ – ვანიდან არიან. ეს გოგონა მოვიდა, ღამე უნდა გაეთენებინა, რაღაცეები გასარეცხი ჰქონდა. დილით უნდა წასულიყო სამსახურში, ქუთაისში, ე.წ. რკინიგზის საავადმყოფოში პრაქტიკებზე დადიოდა, თან სწავლობდა, სტუდენტი იყო.
მის შეყვარებულს დაურეკავს ახლობლისთვის, „ფეისბუქით” ვერ ვეკონტაქტები და მიდი, გაიგე რა სჭირსო. ის ბიჭი მივიდა და მკვდარი დახვდა. ყვიროდა სოფოო. გოგო ტახტზე იწვა. ალბათ გაზის ნამწვმა გაგუდა, თორემ გაზის სუნი არ ყოფილა. მარხვის დასრულებას ელოდებოდნენ, მალე თხოვდებოდა“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი მადონა სარალიძე.
კიდევ ერთი მეზობელი, ელისო ჯამბურიძე კი ამბობს, რომ იმ სართულზე სადაც სოფო ვახტანგაძე ცხოვრობდა, ტრაგედიის დღეს ერთდროულად რამდენიმე ოჯახის წარმომადგენელი გახდა შეუძლოდ, მათ შორის მისი მცირეწლოვანი ბავშვებიც. ცუდად გახდომის მიზეზი კი მოგვიანებით გაიგეს, როდესაც გარდაცვლილი გოგონას ახლობლის ყვირილი შემოესმათ:
„ბავშვები შეუძლოდ გახდნენ, იძახდნენ თავი და მუცელი გვტკივაო. მე და ჩემი რძალიც შეუძლოდ გავხდით. მეზობელს ვთხოვე წნევის აპარატი გამოეტანა და წნევა გაეზომა. გაგვიზომა და ჩვენგან რომ გავიდა, მასაც თავი ასტკივდა. წამლის მოსატანად წავედი. ქუჩაში რომ გავედი და ჰაერი ჩავისუნთქე უკეთესად გავხდი. სახლში რომ მივედი ისევ ცუდად გავხდი. სადარბაზოში საერთო კარი გვაქვს, რომელიც ამ გოგონას დაუხურავს. როგორც ჩანს გაზი დაგროვდა და ჩვენთანაც შემოვიდა. მივხვდით, რომ ეს გაზის გამო იყო. კარზე მივუკაკუნეთ, მაგრამ არავინ გამოგვხედა. ამასობაში ბავშვებს ღებინება დაეწყოთ, მერე კაცის ხმა მომესმა. ამ ბიჭმა ყვირილი ატეხა მიშველეთ, გაზიაო. სოფოო, ყვიროდა. იქ რომ მივედი დავინახე, გოგონას ფეხები დივანზე ეგდო, გაზის ღუმელი „კარმა” ძალიან მაღალზე იყო აწეული. უცებ სპირტი მოვუსვი სახეზე, მაგრამ უკვე მკვდარი იყო… ჯოჯოხეთური ბედობა დღე გვქონდა, ასეთს მტერს არ ვუსურვებ!” – იხსენებს ელისო ჯამბურიძე ჟურნალ „სარკესთან” საუბრისას.