პუტინი და ზელენსკი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, მიუხედავად ვაშინგტონის განცხადებებისა პროგრესის შესახებ, რუსეთიც და უკრაინაც სკეპტიკურად უყურებენ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მიიჩნევენ, რომ პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა.
როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, როგორც კიევში, ისე მოსკოვში თვლიან, რომ არსებულ ვითარებაში მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი აღარ აქვს და მათი განახლების შანსი დაბალია.
წყაროების თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტად აკეთებს აქცენტს სამხედრო გზით შედეგის მიღებაზე და ტერიტორიული მოთხოვნების გაფართოებაზე. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, პუტინი დარწმუნებულია სამხედრო წარმატების პერსპექტივაში და კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. მეორე წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს, შესაძლოა, გაუჭირდეს კონკრეტული რეგიონების სრულად დაკავება, საბოლოო მიზნები კვლავ ამბიციურია და მოიცავს უკრაინის უფრო ფართო ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას.
„ის არ აიღებს ზაპოროჟიეს, არ აიღებს დონბასს, არ აიღებს ხერსონს, მაგრამ გახსოვდეთ, გეგმა ყოველთვის კიევის აღება იყო. დავალება დასახულია და უნდა შესრულდეს. ისინი ამბობენ, რომ, მართალია, უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ მათი ფრონტი ირღვევა და ხალხი აღარ ჰყოფნით“, – განაცხადა წყარომ.
თავის მხრივ, კიევი მიიჩნევს, რომ წინა დიპლომატიურმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო.
ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ ვერ შეძლო რუსეთის პოზიციის შეცვლა და რაიმე რეალური პროგრესის მიღწევა.
წყაროების თანახმად, კიევი იმედგაცრუებულია იმითაც, რომ აშშ-მა ვერ მოახერხა მოსკოვზე ზეწოლა, რათა მას საკუთარი მოთხოვნები შეემსუბუქებინა. შედეგად, უკრაინული მხარე მოლაპარაკებებს ფაქტობრივად „გაყინულად“ მიიჩნევს.
რუსეთი ამტკიცებს, რომ დიალოგი შეუძლებელია, თუ კიევი დათმობებზე არ წავა, განსაკუთრებით დონბასის საკითხში.
დასავლელი დიპლომატების შეფასებით, მოსკოვი კვლავ ცდილობს სამხედრო გამარჯვების მიღწევას მაქსიმალისტური მოთხოვნების შენარჩუნებით, რაც ეწინააღმდეგება მოლაპარაკებებისადმი რეალურ მზადყოფნას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის დასრულება სულ უფრო ახლოსაა, პროცესში მონაწილე მხარეები ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ.
