უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 20 იანვარს საქართველოს ეროვნული გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. პლეიოფში გასული საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად მოხვდება ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის.
ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა წყალბურთელებმა საფრანგეთი დაამარცხეს, შემდეგ კი იტალიისა და საბერძნეთის ძლიერ გუნდებთან ვერაფერს გახდნენ და მესამე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, ჯგუფში ამ გუნდმაც ორი მატჩი წააგო – სერბეთთან და რუმინეთთან და მხოლოდ ჰოლანდია დაამარცხა, თუმცა მეორე ადგილზე ბურთების უკეთესი სხვაობით გავიდა.
მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.