თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები. პროცესი მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, საოლქო-საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ არის წარდგენილი.
„ერთი საჩივარი არის წარდგენილი საუბნო-საარჩევნო კომისიაში ფოტო-ვიდეო გადაღების წესთან დაკავშირებით, რომელშიც ერთგვარად გაურკვეველია ის მოთხოვნა, რომელიც იქ არის აღნიშნული. ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და იმთავითვე კითხვის ნიშნები არ არსებობს. ზუსტად ამას ადასტურებს ეს არჩევნები, მისი ჩატარების ხარისხი, რომ რეალურად არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებთან მიმართებით არ არსებობს არანაირი საფუძველი და მტკიცებულება, რომელიც რამენაირად ხორცს შეასხამდა იმ ბრალდებებს, რომელიც ჩვენ 2024 წლიდან კამპანიურად, დღევანდელ დღემდე გვესმის“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, დმანისში ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი სარსევანიძემ 98 პროცენტზე მეტი აიღო, ლელოს კანდიდატმა ვაჟა ნონიაშვილმა კი მხოლოდ ორი ხმა მიიღო, რაც ერთ-ნახევარი პროცენტია. წალკა – ქართული ოცნების კანდიდატმა, ნანული ხინიკაძემ, 96 პროცენტზე მეტი მიიღო, ლელოს კანდიდატმა ზაზა შანთაძემ კი 3 პროცენტზე მეტი. ვანი – ქართული ოცნება – ზაზა ხელაძე, ხმების 87 პროცენტზე მეტი, ძლიერი საქართველო ლელო – 12 პროცენტზე მეტი. ახმეტა – ქართული ოცნების კანდიდატმა ლევან ითიურიძემ 100 პროცენტი აიღო.
