თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, ექსპერტი დაიკითხა.
მიხეილ კალანდიას ადვოკატ ზურა თოდუას განცხადებით, ზაზა სარალიძე „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისგან“ იმართება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფილიალია.
„ზაზა სარალიძეს ყველაფერი გასდიოდა ხელისუფლებასთან. მიჩვეულია, რომ უკარნახოს პროკურორს, უკარნახოს მოსამართლეს, უკარნახოს გამომძიებელს, უკარნახოს ზურაბ თოდუას და კალანდიას. ამას არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში, თუნდაც ირაკლი შოთაძის ხელახალ პროკურორობას კი არა, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთხელ არჩევას მისცეს ხმა. ისეთი მტკიცებულებები გამაჩნია მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის შესახებ, რაც არ უნდა იხტუნაოს და ვინც არ უნდა ახტუნაოს, ვინც დგას მის უკან, ძალიან კარგად არის ჩემთვის ცნობილი. ფაქტობრივად, ის იმართება „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისგან“, რომელიც არის პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის ფილიალი და პროვოკაციისა და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. მისი წარმომადგენელი ამ ორგანიზაციის ადვოკატია. ზაზა სარალიძე ფაქტობრივად, ორივე პოლიტიკური ძალისგან იმართებოდა. მას შემდეგ, რაც მან ნაბიჯი გადადგა და მხარი დაუჭირა შოთაძის კანდიდატურას, მათ შორის არის დაძაბულობა. იმისთვის, რომ ზაზა სარალიძის გამოყენებას კიდევ აპირებენ ამ ორგანიზაციის წევრები და სხვები, მიმდინარეობს ომი ზაზა სარალიძის „დასათრევად“, – აღნიშნა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.