ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია თავის ბიუროსთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ნიშანდობლივია, რომ დღეს ამომიგდო „ფეისბუქმა“ ეს ფოტო…
ეს არის პირველი აქცია, რომელიც გვიან ღამე მოვაწყვეთ ზუგდიდის ციხესთან… იქ, სადაც ადრე თითქმის ერთი წელი გავატარე ნამდვილ კოშმარში იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაგან ბევრმა, ისევე როგორც მე, არც იცოდა ნორმალურად, რას ერჩოდნენ…
აქ, ამ აქციაზე, იმ საოცარ ღამეს იდგნენ გმირები, ადამიანები, ვინც საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ არსებობის, ღირსების, სიცოცხლის უფლებას…
თქვენ რისთვის მოხვედით, ყმაწვილებო, დღეს ჩემს ბიუროსთან? იმ ბიუროსთან, რომელიც ყოველდღე უამრავ ადამიანს ეხმარება სუფთა გულით და სუფთა ხელებით?
თქვენ მოხვედით ფარსისთვის, ტელეეკრანებზე ერთწუთიანი გამოჩენისთვის და ეს ფარსი არავის არ სჭირდება, ისევე, როგორც მახინჯი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებთან ერთადაც დაგეგმეთ დღეს აქ მოვარდნა…
ხელისუფლებაში იყავით და გვივარდებოდით შეხვედრებზე, ოპოზიციაში ხართ და გვივარდებით, ვერაფერს სწავლობთ ამ პოლიტიკურ ავანსცენაზე.
ერთი რამ ფაქტია, დღეს თქვენ არავინ გამტვრევთ ცხვირ-პირს და არავინ გექცევათ ისე, როგორც თქვენ ექცეოდით სხვებს…
რას ვიზამთ, კი ბატონო, იარეთ და ატარეთ ეს უაზრო და არაფრისმთქმელი აქციები, ანთხიეთ ცილისწამებისა და სიცრუის ნიაღვარი და უფრო მალე წაიშლებით პოლიტიკურ რუკაზე, ეს თქვენი არჩევანია…“ – წერს მერაბ ქვარაია.