ჩვენ გავამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.
„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, არამედ ეს არის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მთლიან სატრანსპორტო შუა დერეფნის სისტემას გავზარდოთ გამტარუნარიანობა, მოცულობები და შესაბამისად, საქართველოს როლი ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გავამყარებთ პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ. ახლაც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიაში შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება“, – აღნიშნა იოსელიანმა.
