თბილისის მერი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვისთვის მადლობას უხდის. მისი განცხადებით, არსებულ რთულ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მხრიდან გაკეთებული ქველმოქმედება უმნიშვნელოვანესია. „მინდა მადლობით დავიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო. ასეთ რთულ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მხრიდან გაკეთებული ქველმოქმედება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. 100 მილიონი ლარი ეს ძალიან დიდი თანხაა. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს საუბარი, რომ ერთია უხილავ მტერთან, კორონავირუსთან ბრძოლა და მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც თავს იჩენს მომდევნო თვეების განმავლობაში, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში ხდება“,- განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა “ღია ეთერში” სტუმრობისას. თბილისის მერის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულია ქვეყანაში განხორციელებული არაერთი დიდი პროექტი. „90 -იანი წლებიდან მოყოლებული, მაშინაც კი, როცა საზოგადოება არ იცნობდა და არ იცოდა ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი, ის ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას, ეხმარებოდა ქართველ ხალხს და ახორციელებდა ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. დაახლოებით, 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული საქველმოქმედო პროექტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები