საერთაშორისო ორგანიზაციები არც ნაცნობობით და არც „კაიბიჭობით“ ფულს არ იძლევიან. მეტსაც გეტყვით, ასეთი მითი არსებობს, რომ ისინი „პოლიტიკურ ფულს“ იძლევიან. რა თქმა უნდა, ეს ორგანიზაციები სრულად თავისუფალნი არ არიან და არსებობს პოლიტიკური ელემენტი, მაგრამ ძალიან ტექნოკრატიული ორგანიზაციები არიან თავიანთი ბუნებით, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას შეუძლია, ნაცნობების დახმარებით, ქვეყნისთვის თანხები მოიზიდოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ისაუბრა.
„ისინი უყურებენ, როგორ მიგყავს ეკონომიკური, ფისკალური პოლიტიკა, რამდენად პასუხიმგებლიანი ხარ, სად ხარჯავ ფულს, რამდენ ვალს იღებ, ხვალინდელ დღეს რამდენად სწორად ხედავ“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრმა 2008 წელს, საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ვითარებისგან განსხვავებით, მაშინ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა არ ყოფილა „მყისიერი ფული“.
„4 მილიარდი, რომელიც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიიღო, იყო წლების მიხედვით გაწერილი. იმ შემთხვევაში, ე.წ. „მყისიერი ფული“ იყო გაცილებით ნაკლები. ამ თანხის ათვისება დაახლოებით 8 წელზე იყო გათვლილი“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.