ფონდი „ქართუ“ 25 წელია ახორციელებს თავის საქმიანობას და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ 25 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული სხვადასხვა პროექტში, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღება ყოველთვის ექცეოდა დაცულ ტერიტორიებს, დღეს კი, დადგა თბილისის ჯერი. მან აღნიშნა, რომ სერიოზული პრობლემები გაუჩნდა მწვანე ზონებს დედაქალაქში, რაც მისახედი პრობლემაა.
„ჩვენი პროექტები, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებას. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის პროექტები, რომელიც ჩვენ განხორციელებული გვაქვს გარემოს დაცვის სფეროში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. იქნებოდა ეს ვაშლოვანი, ლაგოდეხი, თუშეთი, ყუმისთავი თუ სხვა. დღეს დადგა ჩვენი დედაქალაქის, ჩვენი თბილის ქალაქის ჯერი. ყველანი ვხედავთ და ვთანხმდებით, რომ სერიოზული პრობლემები გაუჩნდა მწვანე ზონებს ჩვენს დედაქალაქში. კლიმატური ცვლილებისა და წინა პერიოდში არსებული უმართავი ქალაქგეგმარებითი პროცესების გამო, სერიოზულ დეფორესტაციას აქვს ადგილი ქალაქ თბილისში. ეს მისახედი პრობლემაა, რა თქმა უნდა და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის მოგვარებაში, თუმცა მისი მასშტაბი იმდენად დიდია, რომ იმისთვის, რომ სერიოზული და ქმედითი პასუხი გავცეთ არსებულ გამოწვევას, საჭიროა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის სინერგია და ერთობლივი ძალისხმევა“, – განაცხადა ჩხეტიანმა.
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანება იგეგმება.
