თბილისში სერვის-ცენტრების მომსახურებაზე მოთხოვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, 1-ლი ივნისიდან ქალაქის 11-ვე სერვის-ცენტრი ამუშავდა, განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც, ამიტომ საჯარო სივრეებში რეკომენდაციების დაცვა უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ძალიან სწრაფად მოხდეს წერილების ჩაბარება, რომ ადამიანებს არ მოუწიოთ რიგში დგომა. თუმცა აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს და გათვალისწინებულია სოციალური დისტანცია, აუცილებელია პირბადეების მოხმარება. თქვენ იცით, რომ ასევე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი უწყებების მხრიდან გაჟღერდა და მაქსიმალურად დავიცვათ ეს წესები“, – აღნიშნა კალაძემ