ირაკლი ღარიბაშვილმა მოახსენა სასამართლოს, რომ მასზე განხორციელდა ფსიქიკური და მორალური წამების ფაქტი მანამდე, ვიდრე საქმეზე დაიწყებოდა გამოძიება, იმ მიზნით, რომ მას ქრთამის აღების შესახებ მომავალი ბრალდება ეღიარებინა , – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
სოსო ბარათაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე შესაბამისმა საგამოძიებო ორგანომ გამოძიება უნდა დაიწყოს.
„მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და მორალური ზეწოლის განხორციელებაში. დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი, მაგრამ გამოძიების მსვლელობის პროცესში ის რასაკვირველია დაასახელებს გვარს, ვისი მხრიდანაც მომდინარეობდა შეთავაზება და ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას. ეს არ არის ჰაერზე გაკეთებული განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია დაასაბუთოს მის განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე. როდესაც ხდება შეთავაზება, რომ მოხდეს აღიარება იმ დანაშაულის, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას და ეს მოდის კომპეტენტური, უფლებამოსილი მოხელის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ეს არის 144-ე პრიმა მუხლის დეფინიცია, რაც მოიცავს წამებას“, -განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის განცხადებით, სასამართლო სხდომის დახურვა ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს ბრალდების უსაფუძვლობა და საქმის დეტალები.
„სხდომის დახურვა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, არანაირად დასაბუთებული არ ყოფილა ბრალდების მხარის მიერ და ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს ბრალდების უსაფუძვლობა და ამ საქმის დეტალები.საქმე არის პოლიტიზებული, ბრალდება გახლავთ სრულიად დაუსაბუთებელი.
პროკურორის შუამდგომლობაში არ იყო არცერთი კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება დასახელებული, რის გამოც უნდა დახურულიყო აღნიშნული სხდომა. პროკურატურა სხდომის დახურვას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს, რომ მიჩქმალოს საქმე, დაუმალოს ამ საქმის დეტალები მოსახლეობას, მედიასაშუალებებს, უფლებადამცველებს. ეს წარმოადგენს ძალიან სერიოზულ დარღვევას.
უნდა ითქვას, რომ ეს საქმე მთლიანად არის დაფუძნებული სხვა საქმეზე, ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და სხვათა მიმართ ბრალდების საქმეზე, რომელი საქმეც არ ყოფილა დახურულ რეჟიმში წარმართული, განაჩენი არ ყოფილა დახურული. ფაქტობრივად, ორი ჩვენების გარდა ეს[საქმე] იმეორებს იგივე საქმეს. რასაკვირველია, ეს მიგვაჩნია უდიდეს უსამართლობად. ჩვენს მიერ გადადგმული იქნება კონტრ-ნაბიჯები. ვაცნობებთ ყველას, ვისაც საჭიროა და სათანადო ინსტანციებში გამოვიყენებთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ადვოკატმა.
