ახლო აღმოსავლეთი არ უნდა იქცეს დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ასპარეზად, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ომანის სულთანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
სი ძინპინის თქმით, ჩინეთს სურს, იმუშაოს არაბულ ქვეყნებთან რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის. სი ძინპინმა ომანის სულთანს, ჰაისამ ბინ ტარიკ ალ-საიდს განუცხადა, რომ მსოფლიო ღრმა ცვლილებებს განიცდის.
„ახლო აღმოსავლეთის ყურის რეგიონი არ უნდა იქცეს დიდი სახელმწიფოების მეტოქეობისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების ასპარეზად. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დაცვა ყველა მხარის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ომის შეწყვეტას და იმედოვნებს, რომ სიბრძნითა და გადაწყვეტილებებით წვლილს შეიტანს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
ომანის სულთანი ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით პირველ ნოემბერს ჩავიდა. ეს ომანის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 1978 წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დამყარდა.
ომანის სულთანმა სი ძინპინს განუცხადა, რომ მისი მთავრობა მაღალ შეფასებას აძლევს ჩინეთის პოზიციებს რეგიონთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ განვითარება და სტაბილურობა ერთმანეთთან განუყოფლადაა დაკავშირებული“, – აღნიშნა ომანის სულთანმა.
