ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. არსებული ვითარება აშკარად მიუთითებს, რომ მსგავსი გეგმების განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. რაც შეეხება მომავალს, ამას დრო გვიჩვენებს, — ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის გავლით ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლების შესაძლებლობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მანამდე „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპაში მიწოდების განახლებას ცდილობს.
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება როგორც მყიდველების, ისე გამყიდველების სურვილებსა და გამყიდველების შესაძლებლობებზე. როგორც იცით, გაზის ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე ევროპული ბაზარი, თუმცა ევროპა გაზის გაყიდვის თვალსაზრისით პრემიუმკლასის ბაზარია. ამასთან, მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდის გლობალური ცენტრები ევროპისგან შორს მდებარეობს. ისინი ე.წ. კოლექტიურ სამხრეთშია განლაგებული“, — განაცხადა პესკოვმა.
