ვარკეთილში დაკავებულ პირს, ალექსანდრე ივანოვს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, დამამშვიდებლებს სვამდა და მისთვის დალევა არ შეიძლებოდა.
„ძალიან მრცხვენია. დედა რეციდივისტზე გათხოვდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემს აღზრდაში, მე ხან დალურჯებული ვიყავი, სულ შიშში გავატარე ბავშვობა. სტრესიდან გამომდინარე ფსიქიკური აშლილობა მქონდა. სულიერი მდგომარეობა არ მქონდა კარგად, ამას ვაღიარებ.
ვიცოდი, რომ ჩემთვის დალევა არ შეიძლებოდა, მთელი ცხოვრება ფსიქიური ზეწოლის ქვეშ გავატარე. ვაღიარებ, რომ ჩემი სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა ყველაფერი. დამამშვიდებელ და დამაწყნარებლებს ვსვამდი, ჩემთვის დალევა არ შეიძლებოდა“, – განაცხადა ბრალდებულმა ალექსანდრე ივანოვმა.
