ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და მუნიციპალიტეტს გადაეცა.
60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ხობის მუნიციპალიტეტს ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა გადასცა.
ბაღის შენობა სრულად აღჭურვილია და ადაპტირებულია აღსაზრდელებისთვის, ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცე. აქამდე სოფელში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც არც საკმარისი სივრცე იყო და არც შესაბამისი პირობები.
ძველ ხიბულაში, ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით, უკვე დასრულდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის მშენებლობა, რომლის კონცეფციაზე მუშაობა სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს. ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა.
მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.
ფონდ „ქართუ“-ს გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად ძველ ხიბულაში პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდნენ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის 29 მარტს იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილმა დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღის და ეკლესიის აშენებას 1 წლის წინ დაპირდა.