136 ხმით პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა.
დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.
პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.
ამასთან, უნდა გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება. ამ მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, „ეს მარჟა განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით“.
„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
ამასთან, კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
ამასთანავე, ცვლილებებით, 5 000 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება ყველა კვალიფიციური პარტია; ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან ბლოკურადმონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მან/შესაბამისმა ბლოკმა პროპორციული წესით 15 000 ხმა მაინც მიიღო; ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.
კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.