ცნობილ სერბ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, – ამის შესახაებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
„მე და ჩემს მეუღლეს კორონავირუსი დაგვიდასტურდა, ჩვენს შვილებს -არა,“- ნათქვამია ჯოკოვიჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა მონაწილეობა მიიღო სერბეთსა და ხორვატიაში გამართული საჩვენებელი მატჩების სერიებში, რომელიც მის მიერ იყო ორგანიზებული.
ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩება. მან ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც საჩვენებელ მატჩებში მონაწილეობისას დაინფიცირდა. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩი მეოთხე ჩოგბურთელია, რომელსაც აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე კოვიდ 19-ი გამოუვლინდათ: ბორნა კორიჩს, გრიგორ დიმიტროვსა და ვიქტორ ტროიცკის.