დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიმართვა გაავრცელა, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე კონკრეტული ფაქტებითა და არგუმენტებით დაპირისპირების კამპანიის დაწყებაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ 25 ივნისს, 22:00 საათზე მორიგი ვიდეოჩართვა დაანონსა, სადაც, მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ყველა ცილისწამებას არგუმენტირებული პასუხი გაეცემა. „დღევანდელი ჩვენი მიმართვა იქნება ცოტა განსხვავებული წინა ჩართვებისგან. დღეს არ ვისაუბრებ რომელიმე სოციალურ, ინფრასტრუქტურულ ან კულტურულ პროექტზე, არამედ ვისაუბრებ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რაც უამრავ ადამიანს და ქვეყანას აწუხებს. მინდა წარმოგიდგინოთ კონკრეტული პროექტი, რომლის განხორციელებას ვიწყებთ ხვალიდან და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ისეთ პრობლემას, როგორიც არის “ფეიკნიუსი”. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა “ფეიკნიუსებთან” ბრძოლა. ვინც თვალს ადევნებთ ინფორმაციას, იცით, რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა დეზინფორმაციას, რადგან ტყუილის გავრცელება და პროპაგანდა დაბალის ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთგვარი იარაღი გახდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ ტელევიზიებს. ისმის კითხვა – რა დავუპირისპიროთ “ფეიკნიუსების” გამავრცელებლებს? რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერიამ ამ სამი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა- ინფრასტრუქტურის, სოციალური და კულტურის მიმართულებით. ჩვენ ვთვლით, რომ მერიის საჯაროობა, მუშაობის პროცესისისთვის თვალის დევნება, თანამონაწილეობა, ჩართულობა ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის საკმარისია, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. მე საკმაოდ აქტიური ვარ და ყოველთვის ვცდილობ, სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას ყველა დაგგემილი და განსახორციელებელი პროექტის შესახებ. ასევე ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედიასაშუალებებით. ასე რომ, ვიწყებთ, თითოეულ “ფეიკბრალდებაზე”, რაც უნდა სისულელე იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, არგუმენტირებული, რაციონალური პასუხი გაეცემა. ჩვენ ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ქართულ მედიასივრცეში. ხვალ 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეოჩართვა, სადაც მოსახლეობას მივაწვდით სრულ ინფორმაციას და ასევე, ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობენ კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული განცხადებებით ჩვენ ამ ყველაფერს მივაწოდებთ მოსახლეობას. ასე რომ, ხვალ 22:00 საათზე გვიყურეთ, რომ გქონდეთ სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მისამართით ისმის და პირადად ჩემი მისამართით. ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა. ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.