„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი გიორგი ბარამიძე ამბობდა, რომ აფრასიძეების ოჯახის ადვოკატებს მოგხვდებოდა კბილებში, ის გვაშინებდა მე, მალხაზ ჯანგირაშვილსა და ნიკოლოზ გორდეზიანს, ამის მტკიცებულებები არსებობს, რადგან საჯაროდ საუბრობდა, – ამის შესახებ აფრასიძეების ოჯახის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.
როგორც ირმა ჭკადუამ განაცხადა, სვანეთში სპეცოპერაცია ნამდვილად იყო საზოგადოების დაშინების დასაწყისი საქართველოში, ამიტომ ეს იყო საჩვენებელი სპეცოპერაცია, რომელიც მსხვერპლით დაასრულეს.
„ეს იყო ერთ-ერთი სისხლიანი სპეცოპერაცია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმმა სათავეში მოსვლის შემდეგ აწარმოა სვანეთში. ამ ე.წ. სპეცოპერაციის დროს 2000-ზე მეტი ადამიანი და 12 ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას. ეს იყო სახელმწიფოს გამოცხადებული ომი ერთი ოჯახის წინააღმდეგ, ეს იყო ჩადენილი სისასტიკე რეალურად არასრულწლოვანი ბავშვების, მოხუცების წინააღმდეგ. გარდა ამისა, სისხლის სამართლის მასალებში არ არის აფრასიძეების ოჯახიდან ამოღებული არც ერთი სროლისთვის ვარგისი იარაღი, აქედან გამომდინარე ბარამიძე ბევრს საუბრობს, მაგრამ საუბრობს ზეპირად და მტკიცებულებების გარეშე. გიორგი ბარამიძე ამბობდა იმასაც, რომ აფრასიძეების ოჯახის ადვოკატებს მოგხვდებოდა კბილებში, ის გვაშინებდა მე, მალხაზ ჯანგირაშვილსა და ნიკოლოზ გორდეზიანს, ამის მტკიცებულებები არსებობს, რადგან ამაზე საჯაროდ საუბრობდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელ მსოფლიოს საკუთარი თავი და ხელწერა დაამახსოვრა განსაკუთრებული სისასტიკით, ჩვენ გვახსოვს ტელედაპატიმრებები, ტელედახვრეტები და ამ ყველაფრის დასაწყისი იყო. მიხეილ სააკაშვილმა თავად თქვა, რომ უშუალოდ გასცა აფრასიძეების ამოხოცვის ბრძანება. ვფიქრობ, გამოძიებას ძალიან გაუადვილა მდგომარეობა სააკაშვილის ამ განცხადებამ და რატომ არ უყენებენ ისინი ბრალს ამ ადამიანებს, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
როგორც ჭკადუამ აღნიშნა, აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას გეგმავს.
„ჩვენ ხვალ, 14:00 საათზე შეხვედრა გვაქვს უშუალოდ გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან. იმედს ვიტოვებთ, რომ საქმის დეტალებზე გვექნება საუბარი, შედეგებს გვეტყვიან. გვექნება ჩვენი პრეტენზიები, რატომ არ ხდება ამ საქმის დაჩქარებული გამოძიება, გარდა ამისა, ვითხოვთ სახელმწიფოსგან იმ ზიანის ანაზღაურებას, რა ქონებრივი ზიანიც მიადგა ოჯახს. ყველამ ვიცით, რა შედეგით დასრულდა ე.წ. სპეცოპერაცია. მათ მოკლეს ორი ადამიანი, საფრთხე შეუქმნეს არასრულწლოვან ბავშვებს და მოხუცებს. სრულიად გაანადგურეს ორი საცხოვრებელი სახლი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დღესაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. ვიცით, რომ საკმაოდ შრომატევადი იყო ამ საქმეზე გამოძიების ჩატარება, რადგან ბუნებრივია, წინა ხელისუფლების დროს არაფერი გაკეთებულა, პირიქით, ბევრი რამე გაფუჭდა. ამ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ექსპერტიზები. აფრასიძეების ოჯახი ცნობილია დაზარალებულად, თუმცა მეორე მხრივ, არ გვყავს ბრალდებული პირი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ოჯახი ითხოვს კითხვებზე პასუხის გაცემას“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
მისივე თქმით, აუცილებელია, დაზარალებულებმა იცოდნენ, რა ეტაპზეა მისული გამოძიება, არსებობენ თუ არა ბრალდებული პირები და თუ არსებობენ, რატომ არ არიან დაკავებული.
„იმედს ვიტოვებ, ხვალ ამ კითხვებზე მივიღებთ პასუხს“, – განაცხადა ჭკადუამ.