ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. პროკურატურამ სასამართლოს ჩოგბურთელის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებისთვის ვადის გახანგრძლივება სთხოვა.
იძალადა თუ არა, საქართველოს პირველმა ჩოგანმა მეუღლეზე – ამ საკითხზე მსჯელობას საქალაქო სასამართლო უკვე 24 აგვისტოდან დაიწყებს.
“ცნობილია, რომ ოჯახში ჩადენილ ძალადობაზე არ სჭირდებათ ხოლმე წინასწარი გამოძიების გახანგრძლივების ვადა. შესაძლოა, მსგავსი ფაქტი ერთი იყოს, ან საერთოდ არ არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, გამოძიებამ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ვადის გაგრძელება გაუმართლებელი იყო. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობა არასოდეს ჩაუდენია. საქმეში დევს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ ბავშვზე დედა ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს.
რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, ის აღარ გავასაჩივრეთ, რადგან აღარ იყო ვალიდური. ჩვენ ვხედავთ მოცემულ საქმეში, რომ ბავშვი ერთი მშობლიდან, მეორე მშობელზე ზემოქმედებისთვის, იარაღად არის გამოყენებული,”- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა.
რაც შეეხება ნელი დოროყაშვილის პოზიციას, მისი ადვოკატი ამბობს, რომ არ არის გასაკვირი, რომ პროკურატურამ ვადის გახანგრძლივება მოინდომა. ამის მიზეზად ადვოკატი არასრულწლოვანის ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, შესაძლოა, პროკურატურა ამით ბავშვის ინტერესებს იცავს.
როგორც ადვოკატი ამბობს, ამ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილს შემაკავებელი ორდერი აქვს და მას შვილის ნახვა ეკრძალება.