მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
საზეიმო ლიტურგიის შემდეგ უწმინდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
წირვა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ფერიცვალების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს) მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს – ფერიცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა.
ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.