ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების ”ღირსეული პარტნიორი 2016” ფარგლებში, ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა. სწავლების ფარგლებში ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან – AT-4 და SPG-9 საბრძოლო სროლები განახორციელეს.
საბრძოლო სროლის შემდეგ სწავლების მონაწილეებისთვის თეორიული მეცადინეობა გაიმართა. ქართველი სამხედრო მოსამსახურები, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლებლობებს გაეცნენ. თავის მხრივ, ამერიკელმა სამხედროებმა კი საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში არსებული, ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ამერიკელმა სამხედროებმა ქართველ ჯარისკაცებს ასევე ვაზიანის აეროდრომზე, სწავლებაში მონაწილე მთავარი საბრძოლო ტანკის M1A2 ”აბრამსისა” და ქვეითთა საბრძოლო მანქანა ”M2 ბრედლის” ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებიც გააცნეს.
ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. ”ღირსეული პარტნიორი 2016” საქართველოში წელს მეორედ ტარდება, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას.
სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 500 ქართველი, 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და 150 ბრიტანელი ჯარისკაცი მონაწილეობს.