ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსით მილიონი ადამიანის გარდაცვალება მსოფლიოსთვის მძიმე მომენტია.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ არსებობს იმედის ნაპერწკალი, მათ შორის ზუსტი ტესტები, ეფექტური მკურნალობა და რაც მთავარია, პოტენციური ვაქცინა, რაც ხელს შეუწყობს სიკვდილიანობის შემცირებას.
„2020 წლის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ სადაც არ უნდა გაჩნდეს ეპიდემია, არასდროს არის გვიან სიტუაციის შემობრუნება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 1 001 644 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსის 33 353 614 შემთხვევა გამოვლინდა, 24 881 607 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (205 070). მეორე ადგილზე ბრაზილია (142 058), ხოლო მესამეზე ინდოეთი (93 318).