დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მშობლებს თხოვნით მიმართავს, არ გაუშვან სიცხიანი ბავშვი სკოლაში. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, თუ ბავშვს სიცხე დაუფიქსირდება, მშობლებმა 112-ს უნდა მიმართონ.
„ვთხოვ ყველა მშობელს, არ გაუშვან სიცხიანი ბავშვი სკოლაში. სიცხიანი თუ იყო ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის კონსულტაცია. თუ ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ, ეს ბავშვი გამოიკვლევა კოვიდზე.
ასევე, აუცილებელია ყველა სკოლაში იყოს თერმოსკრინინგი და დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც გაცემულია სასწავლო დაწესებულებისთვის.
თუ რომელიმე სკოლაში დაგვიფიქსირდება ინფექციის კერა, პანიკას არ უნდა მივეცეთ და ვიმოქმედოთ ექიმების რეკომენდაციის მიხედვით“,- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს დიდ ქალაქებში, ბავშვები სკოლაში მივიდნენ და სწავლა დისტანციურიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა.