ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაანონსება მოხდა და დღეს შესაძლებლობა გვაქვს საზოგადოებას წარვუდგინოთ ეს პროექტი. ეს იქნება მულტიფუნქციური პარკი, სადაც თბილისის ყველა მცხოვრები, ასაკის მიუხედავად, შეძლებს დასვენებას, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხდა.
მისი თქმით, თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე.
„ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ეს ტერიტორია წლების წინ შეიძინა კერძო პირებისგან. მან მიიღო გადაწყვეტილება, ეს ტერიტორია გადმოეცა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის. ფონდი „ქართუ“ იქ სამუშაოების ჩატარებას 100%-ით დააფინანსებს და ახალი ცენტრალური პარკის შექმნას“, – აღნიშნა ჩხეტიანმა.
მისი თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში ფონდმა $3 მილიარდის ქველმოქმედება განახორციელა საქართველში და მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფერო.
„კულტურა, მეცნიერება, განათლება, სპორტი. ჩვენი ისტორიული ძეგლების აღდგენა და რაღა თქმა უნდა, ძეგლების დაცვა. ფონდს უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული ამ მხრივ. კერძოდ, თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღები, რომელზეც წლების განმავლობაში ვზრუნავთ. ახლახან დასრულებული დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში, ჩვენი დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები და ნაკრძალები, სადაც ჩვენ უამრავი ინფრასტრუქტურა აღვადგინეთ. ამჟამად მიმდინარეობს თბილისში ურბანული ტყის პროექტი, რომელიც ხორციელდება მთაწმინდის და ვერეს ფერდობზე და უახლოეს მომავალში თითქმის 700 ჰექტარის ფართობი იქნება ისევ განახლებული. ეს სარეკრეაციო ზონა ახალი მწვანე ფილტვების ფუნქციას შესძენს ამ ადგილს და გააჯანსაღებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას დედაქალაქში“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. .
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. ცენტრალური პარკი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენდება.