„ამ ყველაფერში, მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ონის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და როდესაც ვსაუბრობთ გოჩა ენუქიძეზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის კი არ არის, რომ აქაური ადამიანია, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ზედმიწევნით ზუსტად იცის, აქ, სად რა არის გასაკეთებელი და რა საჭიროებაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.
“ამიტომ, მას არ დასჭირდება ბევრი დროის ხარჯვა და გამარჯვების მეორე დღესვე გააკეთებს იმ საქმეს, რომელსაც თქვენ მისგან ელოდებით. რა თქმა უნდა, თქვენ, ყველას კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მოთხოვნის ძალა და უფლება თქვენს მხარეს არის. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ არჩევნებში, 31 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ, ყველა კარგად ვხედავთ, როგორ ძლიერად არის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მინდა „ქართული ოცნების“ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციებს, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებს ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ ღირსეულად, ეს ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.