უკრაინაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში ჩამოსვლაზე რადას დეპუტატებს უარი ქართულმა მხარემ უთხრა. კიევში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში მიიღეს.
რადას დეპუტატმა, პარტია „ხალხის მსახურის“ წევრმა ოლეგ სენინსკიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით წასვლის შესახებ შეთავაზება ერთი კვირის წინ მიიღო, თუმცა შემდეგ გამგზავრების ორგანიზატორებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.
„ჩვენი დელეგაცია შედგებოდა 40 კაცისგან, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ოფიციალურ დონეზე დამკვირვებლები საქართველოში. ჩვენი ჯგუფიდან მე და ალექსანდრ გორენიუკი შეგვარჩიეს საქართველოში წასასვლელად. ეს დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. სიამოვნებით დავთანხმდით მაგრამ, როცა ამ ვიზიტის ორგანიზების პროცესი დაიწყო, შევნიშნეთ ორგანიზების ხარვეზები. ჩვენამდე მოვიდა შემდეგ არაოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიის მიწვევით ჩავდიოდით. შემდეგი პრობლემა კი გამოვლინდა იმაში, რომ ეს რეისი უნდა ეჩუქებინათ ჩვენთვის. ანუ ჩვენ არ მოგვიწევდა მგზავრობის საფასურის გადახდა ანუ ჩვენს სახელმწიფოსთან და კორუფციის სააგენტოსთან გვექნებოდა პრობლემა. ამ ნიუანსების გათვალისწინებით ჩვენ თავი შევიკავეთ საქართველოში გამომგზავრებისგან. ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ და გადავწყვიტეთ რომ რეისი არ შემდგარიყო, რადგან ჩვენი ჩამოსვლა არ გამოყენებულიყო ამომრჩეველზე ზეწოლად. ამიტომ თავის შეკავება ვარჩიეთ“, – განაცხადა ოლეგ სენინსკიმ.
მისი თქმით, არავის არ აქვს უფლება ამომრჩეველზე გავლენა მოახდინოს.
„ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ჯგუფი და თუ ჩვენი კოლეგები მოგვიწვევდნენ, საქართველოში სიამოვნებით ჩავიდოდით“, – განაცხადა სენინსკიმ.