ოპოზიციას არაფერი გამოუვა. ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მისი მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ არჩევნებს პირველივე ტურში მოვიგებდით. არსებული მონაცემები არ შეიცვლება და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა დარგალმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩვნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებითაც ლიდერია.
„პროპორციულ საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნების შედეგებშიც მონაცემების ზრდას ველოდებით. მარნეულსა და გარდაბანში გამართულ არჩევნებზე მოქალაქეები, ისევე როგორც მთელ საქართველოში, აქტიურად გამოვიდნენ. ჩვენ მივიღებთ მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას“, – განაცხადა დარგალმა.
მას კითხვით მიმართეს მარნეულში საარჩევნო პროცესის დროს დარღვევებზე აღძრულ სისხლის სამართლის ფაქტებზე. კერძოდ, რა გახდა ამის მიზეზი.
დარგალის თქმით, ისინი ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებს ელოდნენ და ინციდენტები რამდენიმე უბანზე იყო, თუმცა მთლიანად მუნიციპალიტეტში დაძაბული საარჩევნო გარემო არ ყოფილა. საუბრისას მან აღნიშნა, რომ პროვოკაციების მოწყობის შესახებ მათ თავიანთი მხარდამჭრები გააფრთხილეს, რომ არ აყოლოდნენ ამ პროვოკაციებს.
„ოპოზიციამ გუშინ მარნეულში ყველაფერი გააკეთა, რომ სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა უბნებზე, თუმცა მარნეულელებმა და გარდაბნელებმა თავისი არჩევანი გააკეთეს და როგორც მთელ საქართველოში, მარნეულშიც ჩვენ გავიმარჯვებთ. ოპოზიცია ყველაფერს ცდილობს, ყველაფერზე მიდის, არაფერი გამოუვა. ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი“, – განაცხადა დარგალმა.

