“არ შეიძლება, ყოველ წვრილმანზე შევაწუხოთ უცხოელი დიპლომატები. თუ თავმოყვარეობა გვაქვს, საკუთარ შიდაპოლიტიკურ საკითხებს თავად უნდა მივხედოთ.”
ახალ გეოპოლიტიურ ვითარებაზე კავკასიაში, რუსეთ-თურქეთის ალიანსზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, პომპეოს ვიზიტის მოსალოდნელ შედეგებსა და ჯო ბაიდენის ახალ პოლიტიკურ მიდგომებზე კავკასიური საკითხების მიმართ ,,კვირა“ პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა:
-ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებისა და ამერიკაში მიმდინარე არჩევნების შედეგების გათვალისწინებით შეიძლება, ითქვას, რომ მსოფლიო ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგს მიიღებს?
-ილჰამ ალიევის ბოლოდროინდელი განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ კავკასიის მომავალი, მინიმუმ 5 წლით მაინც, განსაზღვრულია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 28 ოქტომბრის ტელემიმართვაში განაცხადა, რომ კავკასიაში ყალიბდება ახალი რეგიონული სისტემა – 2+2, რომელიც ნიშნავს, ერთი მხრივ, სომხეთ-აზერბაიჯანსა და, მეორე მხრივ, რუსეთსა და თურქეთს. როგორც ჩანს, ალიევს კავკასიური პოლიტიკა ამ მთავარი მოთამაშეებით წარმოუდგენია უახლოესი 5 წლის განმავლოვბაში.
-საქართველოს ფაქტორი მას შემთხვევით გამორჩა?
-სამწუხაროდ, საქართველომ ლიდერი სახელმწიფოს ფუნქცია კავკასიაში კარგა ხანია, დაკარგა. რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი ინტერესია, კავკასიის რეგიონიდან ამერიკასა და ევროკავშირს ფეხი ამოაკვეთინოს. რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მთავრობა იყო, ალიევი ამბობდა, რომ კავკასია შემდეგი სქემით უნდა მართულიყო: 3+2+2, სამში კავკასიური სახელმწიფოები: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი იგულისხმებოდა; 2-რუსეთი და თურქეთი, 2-ამერიკა და ევროკავშირი. სააკაშვილი ეთანხმებოდა ალიევის პოზიციას, ამიტომაც, გარეჯი ალიევის სქემის ნაწილად აქცია და, როგორც საჩუქარი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს უფეშქაშა. სააკაშვილი მაშინ იმგვარადვე მოიქცა, როგორც სერგო ორჯონიკიძე ერთი საუკუნით წინ, რომელმაც საჩუქრად დაარიგა ქართული მიწები კავკასიის ფედერაციის შექმნის სანაცვლოდ, რომელშიც ლიდერი სახელმწიფო საქართველო უნდა ყოფილიყო.
-გამარჯვებული აზერბაიჯანი გარეჯის მიწას აღარ დათმობს?
-ძალიან გაგვიჭირდება მათი დაყოლიება მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩნდა ახალი რუკები და სხვა იურიდიული მტკიცებულება იმისა, რომ გარეჯი ოდითგანვე საქართველოს ტერიტორია იყო. აზერბაიჯანელების პრინციპული პოზიციაა, გარეჯის გეოგრაფიული სიმაღლე დაიკავონ, ამიტომ, ვეჭვობ, ამ პოზიციას ისინი უკვე აღარ დათმობენ. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ გუშინ სრულიად სხვა რეალობაში დავიძინეთ და სხვაში გავიღვიძეთ. კავკასიაში ახლა რუსეთი და თურქეთი საკუთარ პოზიციებს იმტკიცებენ.
-რა მიიღო რუსეთმა და თურქეთმა ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ?
-რუსეთმა დაიმორჩილა აზერბაიჯანი. თურქეთმა ჰეგემონის პოზიციები მოიპოვა კავკასიაში, საკუთარი სამხედრო ბაზები განათავსა ახალ ტერიტორიებზე. გაჭრა კორიდორი აზერბაიჯანის გავლით ნახჩევნიდან თურქეთამდე.
-ომის შედეგად მხოლოდ სომხეთი დაზარალდა, სხვა ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა დიდი დივიდენდი მიიღო?
-მართალია, სომხეთმა ტერიტორია დაკარგა, თუმცა, მოიპოვა უნიკალური შანსი – გამოსულიყო გეოგრაფიულ-პოლიტიკური ჩიხიდან და სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტის უფლება მიეღო. რუსეთი დაეხმარა სომხეთს, გამხდარიყო დამოუკიდებელი მოთამაშე. ასე რომ, არც სომხეთს დაუკარგავს ბევრი. ყარაბაღის ტერიტორიაზე აღდგა 1992 წლის სტატუს ქვო. სომხეთმა ოკუპირებული ყარაბაღი, როგორც კაპიტალი, აზერბაიჯანს გაუცვალა გეოსტრატეგიულ პოზიციებზე – შეინარჩუნა ლაჩინის ტერიტორია, რუსეთმა კი მთიან ყარაბაღში საკუთარი სამშიდობოების დიდი კონტიგენტი განათავსა, რაც მისი მთავარი ამოცანა იყო.
-მთავარ მოთამაშედ და სიტუაციის მაკონტროლებლად კავკასიაში მაინც რუსეთი რჩება?
-თუ აზერბაიჯანსა და სომხეთში სიტუაცია დაიძაბება, რუსეთი კვლავ შეასრულებს ,,დიდი ძმის” მოვალეობას და სიტუაციაში სამხედრო ძალით ჩაერევა. ასე რომ, აზერბაიჯანმა შეძლო და წარსულში ოკუპირებული ტერიტორია, ფაქტობრივად, ახალი კვიპროსად აქცია. ყარაბაღში იცხოვრებს როგორც აზერბაიჯანული, ისე – სომხური თემი, ხოლო რუსები და ნაწილობრივ თურქები მინიმუმ 5 წლის ვადით გააკონტროლებენ სიტუაციას მთიან ყარაბაღში.
-გამოდის, რომ რუსეთმა და თურქეთმა ახალ პოლიტიკურ ალიანსს მოაწერეს ხელი მომავალი 5 წლის განმავლობაში?
-დიახ, რუსეთი და თურქეთი მოკავშირეები გახდნენ და, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ამერიკელებს კარგა ხნით ფეხი ამოაკვეთინეს კავკასიის რეგიონიდან. ამიტომაც გაღიზიანდნენ ამერიკელი დიპლომატები სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე და უპასუხეს სალომე ზურაბიშვილს, რომ კავკასიის ოკუპაცია მისალოცი ამბავი ნამდვილად არ შეიძლებოდა, ყოფილიყო, განსაკუთრებით – საქართველოსთვის.
-მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში ახალ გაოპოლიტიკურ რეალობას უკავშირებთ, თუ ვიზიტის მთავარი მიზანი, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებით, ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება იქნება?
-პომპეოს ნაკლებად აინტერესებს, ქართული ოპოზიცია ქუჩაში დარჩება თუ პარლამენტი შევა. მისი დღის წესრიგი და ინტერესთა სფერო სრულიად სხვაა. ბაიდენი აპირებს კავკასიის საკითხების წინ წამოწევასა და იმ კავკასიური გავლენების, რომელიც ტრამპმა ხელიდან გაუშვა, უკან დაბრუნებას. ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ორიენტირი უახლოეს 4 წელიწადში კავკასიური საკითხების წინ წამოწევა იქნება. პირადად მე დიდ უთავმოყვარეობად მიმაჩნია ასეთი დიდი თანამდებობის პირისა და სტრატეგიული პარტნიორის ძვირფასი დროის დაკარგვა ისეთი უმნიშვნელო საკითხების გადასაწყვეტად, როგორიც ქუჩაში მყოფი ქართული ოპოზიციის დაშოშმანებაა. თუ ჩვენ თავმოყვარეობა გვაქვს და სახელმწიფო გვქვია, ყოველგვარი უცხოური დიპლომატებისა და მოკავშირეების ჩარევის გარეშე, თავადვე უნდა მოვაგვაროთ საშინაო საკითხები და ყოველ წუთას არ შევაწუხოთ ისინი, რომლებსაც მაინცდამაინც დიდი სურვილი არ აქვთ, ჩაერიონ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებში.