საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას ეხმაურება.
როგორც თევზაძე აღნიშნავს, ოპოზიციამ სახელმწიფოსთვის აუცილებელი პოლიტიკური გამოცდა ვერ ჩააბარა.
“პირველ ყოვლისა, ჩემს ქვეყანასა და მის მოსახლეობას ვულოცავ საიუბილეო მეათე მოწვევის პარლამენტს, ის ხომ სახელმწიფოებრიობის ყველაზე მკაფიო ინდიკატორია.
მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც სულ მცირე წვლილი მიუძღვის 2020 წლის მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებაში. პარლამენტისა, რომელმაც დამსახურებულად მიიღო დასავლეთის დადებითი შეფასება და უპირობო მხარდაჭერა.
განურჩევლად პარტიული წარმომავლობისა, ყველას სამოქალაქო ვალია, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებსა და ვალდებულებებს. თუმცა, ოპოზიციური სპექტრი, სამწუხაროდ, ამ ნაწილშიც ორიანს იმსახურებს – ორიანს, რომლის გამოსწორების სურვილი არც კი აქვთ და, შესაბამისად, მათთვის და სახელმწიფოსთვის აუცილებელი პოლიტიკური გამოცდა ვერ ჩააბარეს.
„ძვირფასო“ ოპოზიციავ, ნურავის მოატყუებთ! ამით მხოლოდ თქვენ იტყუებთ საკუთარ თავებს და გამარჯვების ილუზიას იქმნით, რომ კომუნისტური ერთპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას შეუწყვეთ ხელი და ამხილეთ კიდეც ქვეყანა. ასეც რომ იყოს, საკუთარი ქვეყნის ჭირი და საერთაშორისო ასპარეზზე დამნაშავედ წარმოჩენა როდიდანაა ვაჟკაცობა და სამშობლოს სიყვარული?!
მანამ, სანამ თქვენ ამ ბოროტი ზღაპრიდან არ გამოხვალთ, თქვენი პოლიტიკური სამყოფელი მხოლოდ ჭაობი და ფსკერია”, – წერს რუსუდან თევზაძე.