რა თქმა უნდა, დიალოგს და ამ საკითხზე მსჯელობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საუბრისთვის, რაც საქმითაც არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ ვისაუბროთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, თუ რამეში დამატებითი შეთანხმება იქნება მიღწეული, ეს უკვე მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.
„დეპუტატებს გვაქვს უფლება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, მხარი დავუჭიროთ, ან არ დავუჭიროთ. ზუსტად ეს მოხდა გუშინაც. ჩვენ თავი შევიკავეთ, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიგვეღო და ვნახეთ დღეს დიპლომატებისა და ასევე ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ყველა მიესალმებოდა ამ ნაბიჯს, რადგან ეს კიდევ ტოვებს შანსს და ალბათობას, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ და სხვებსაც გაუჩნდეთ საფუძველი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და დაიწყონ საპარლამენტო ცხოვრება. რა თქმა უნდა, დიალოგს და ამ საკითხზე მსჯელობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საუბრისთვის, საქმითაც არაერთგზის დავამტკიცეთ. მზად ვართ, ვისაუბროთ, ვიყოთ კონსტრუქციულები, თუმცა იგივეს მოვითხოვთ სხვებისგანაც. თუ რამეში დამატებითი შეთანხმება იქნება მიღწეული, ეს უკვე მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, მთავარია, ამის სურვილი არსებობდეს, ჩვენ კარგად ვნახეთ, ვისაც ჰქონდა მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის სურვილი და შედეგიც“, – განაცხადა კახა კუჭავამ.