საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს და მე ველი ამ თანამშრომლობის გაგრძელებას მიმდინარე წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ამერიკის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთანშეხვედრისას განაცხადა.
სუს-ის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე უსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპაციის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების საკითხებს.
გრიგოლ ლილუაშვილმა და კელი დეგნანმახაზი გაუსვეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებების ფაქტებს, განიხილეს კონკრეტული ინციდენტები, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტი.
„მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვქონდა, განგვეხილა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით, რეგიონში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების ფონზე, რეგიონი უაღრესად დინამიკურია.
ვისაუბრეთ იმ აგრესიაზე, რომელსაც საქართველო, რუსეთის მხრიდან,ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ხედავს, ასევე,ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა დაკავების საკითხზე, კიბერთავდასხმებსა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე“ – განაცხადა კელი დეგნანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.