გუშინ გვიან ღამით ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მარტვილში, საეპისკოპოსო რეზიდენციაში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა.
„მე ერთი მოვინახულე, აქ ვინც იყო დარჩენილი. დანარჩენი – ზოგი გაეწერა, ზოგი წავიდა“, – განაცხადა მეუფემ.
მიტროპოლიტმა ჟურნალისტი გაამხნევა, დალოცა და გამოჯანმრთელება უსურვა.
გუშინვე, ჟურნალისტებან საუბრისას, მეუფე ეპარქიაში მომხდარ ინციდენტსაც შეეხო და ბრძანა, რომ ეს იყო გარკვეული ჯგუფის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია.
„ეპარქიაში მიმდინარეობდა კრება და იქ შემოჭრა სცადეს. ჟურნალისტები აღმოჩნდნენ შემოჭრის შედეგად მსხვერპლი, რადგან კარები იღება გარეთ და როდესაც გარედან ეჯაჯგურებოდნენ, გაეღოთ და შიგნიდანაც მშფოთვარე ჯგუფის წარმომადგენლები კარს მიაწვნენ, რომ შემოეშვათ ისინი, ამ დროს კარები გაიღო და ამ ვითარებაში დაზიანდა ხალხი. ვთხოვეთ, იმ აივანზე არ ამოსულიყო არავინ, მაგრამ არავინ გვისმინა.
ვფიქრობ, ძალიან დიდი დარღვევაა, როცა ასე გექცევიან და ასე იჭრებიან. საეკლესიო კრებაა და გვაქვს უფლება, მედიის გარეშე ჩატარდეს, არავის დაუძახია ჟურნალისტებისთვის. ეს იყო სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია. ჩვენ მხოლოდ სასულიერო პირების შეკრებას ვგეგმავდით. ჩვენ ყველაფერი გვაქვს გადაღებული. ყველაფერი გამოჩნდება. შეკრებაზე ვაცადე, ყველას დაესვა კითხვები. როცა უნდა მეპასუხა, იმ დროს არ გაჩერდა ორი პირი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სპეციალურად იყო დაგეგმილი. შიდა კადრები გასაჯაროვდება, რაც შეიძლება, გასაჯაროვდეს“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მღვდელმთავრის თქმით, საეპისკოპოსო რეზიდენციის ეზოში შეკრებილი ადამიანების უკან დგას ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), ეს ადამიანები კი მისი ორგანიზებით მოქმედებენ.
„იქ მრევლი არ იყო, იქ იყვნენ მეუფე პეტრეს მიერ ორგანიზებული ჯგუფები და არიან ადამიანები, რომლებიც ამას ამოწმებენ. შემდეგ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი. ამ ხალხის მოყვანა ვიღაცას ხომ უნდა მოეხდინა?! ეს არის ეკლესიაზე თავდასხმა და როცა ეკლესიაზე თავდასხმას ახორციელებ, ამის გამო პრობლემები იქმნება. არასოდეს ვიღებ გადაწყვეტილებას ცხელ კვალზე. განვიხილავთ, ვნახავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – დასძინა მეუფე სტეფანემ.
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მეუფე სტეფანემ დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა
2021/03/09 15:02:51

კომენტარები
ნანახია: 918 ჯერ