ახალი სარკინიგზო ხაზი ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან დააკავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი მოიცავს სრულად ელექტროფიცირებულ ახალ სატვირთო სადგურსაც.
„უკვე გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებზე, რაც გულისხმობს ახალი, 18- კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას. ეს დააკავშირებს ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან. პროექტი მოიცავს ახალ სატვირთო სადგურსაც, რომელიც იქნება 11-ლიანდაგიანი. ხაზი იქნება სრულად ელექტროფიცირებული, ჩვენ მოვახდენთ ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით პირდაპირ კავშირს ანაკლიის სარკინიგზო პორტთან“, – აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. საქარტელოს რკინიგზის ცნობით, დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა. პროექტის განხორციელების გრაფიკი ითვალისწინებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მზადყოფნას 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ოპერირების დაწყებისთვის.
