საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ლიდერი მარინ ლე პენი მზად არის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ეს განცხადება ლე პენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის საფრანგეთის ფინანსური დახმარების შეწყვეტას აპირებს.
პარიზში სავაჭრო გამოფენის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ლე პენმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ზელენსკისთან შეხვედრა „გამართლებული იქნებოდა“, რადგან უკრაინის დაფინანსების საკითხი ევროპაში დაპირისპირების მიზეზი ხდება.
„გერმანიის კანცლერი უკვე მუქარას იწყებს. ეს საკითხი ევროპაში პრობლემად იქცა და საინტერესო იქნებოდა მისი განხილვა“, – განაცხადა ლე პენმა. ამით მან ფრიდრიხ მერცის ინიციატივა იგულისხმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მხარდაჭერას უნდა დაუკავშირდეს.
ლე პენის განცხადებით, ზელენსკისთან შეხვედრის შეთავაზებას ის საფრანგეთში უკრაინის ელჩთან ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრის დროს გააკეთებს.
ულტრამემარჯვენე ლიდერი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ საფრანგეთს უკრაინის ომის დაფინანსების გაგრძელების ფინანსური შესაძლებლობა აღარ აქვს. ლე პენის შეფასებით, საფრანგეთის დახმარება უკრაინისთვის წელიწადში 6 მილიარდ ევროს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი ზელენსკიმ სადავოდ მიიჩნია.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევსა და პარიზს შორის სამხედრო თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანია.
ზელენსკიმ ლე პენი კიევშიც მიიწვია. ფრანგულ ყოველკვირეულ გამოცემა L’Express-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტისა და უკრაინელებთან შეხვედრის შემდეგ ლე პენი „შეიცვლის აზრს“.
POLITICO-ს ცნობით, უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხი საფრანგეთში მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად იქცა, განსაკუთრებით ქვეყნის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიმდინარე რთული მოლაპარაკებების ფონზე.
მიმდინარე თვეში კამათი გამოიწვია ულტრამემარცხენე ლიდერის ჟან-ლუკ მელანშონის განცხადებამაც. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ დონბასის მომავლის საკითხზე რეფერენდუმი უშუალოდ რეგიონში უნდა ჩატარდეს, რომლის დიდი ნაწილიც ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.
