ვაქცინაციის გეგმის მიხედვით შერჩეულია 82 სამედიცინო დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო გეგმის თანახმად, ვაქცინების პირველი პარტიით სამედიცინო პერსონალი აიცრება.
„საქართველოში ჩამოვიდა AstraZeneca-ს ვაქცინა. დღეს ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომია 43 200 დოზა, რომელიც საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო გეგმის მიხედვით განკუთვნილია მედპერსონალისთვის. დღეისთვის დარეგისტრირებულია 64 051 ადამიანი, რომელთაგან 54 ექვემდებარება ვაქცინაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ექიმები წარმოადგენენ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, ეს ვაქცინები მედპერსონალისთვისაა განკუთვნილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ვაქცინაციის გეგმის მიხედვით შერჩეულია 82 სამედიცინო დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებულია აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და განთავსებას. ეს პროცესი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონიტორინგის ქვეშ წარიმართება, ვინაიდან ეს უწყება წარმოადგენს ვაქცინაციის პროცესის მარეგულირებელ დაწესებულებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.