ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, დავამარცხოთ ყველაზე სერიოზული და მძიმე გამოწვევა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის მსოფლიოში 11 გამოყენებული ვაქცინიდან ერთ-ერთი, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანხმობა აქვს.
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყება ყოფილიყო განხილული როგორც პანდემიის დასასრულის დასაწყისი. სხვა გამოსავალი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის არ არის. ეს არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, დავამარცხოთ კაცობრიობის ისტორიაში, ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე სერიოზული და მძიმე გამოწვევა. ბოლო პერიოდში შექმნილმა გაურკვეველმა მდგომარეობამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით განაპირობა, რომ გაგვეკეთებინა განმარტება, პირადი მაგალითი მიგვეცა და გვეჩვენებინა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის მსოფლიოში 11 გამოყენებული ვაქცინიდან ერთ-ერთი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანხმობა.
„ასტრაზენეკა“ გახლავთ ერთადერთი კომპანია, რომელიც გარანტირებულად წლის ბოლოსთვის მსოფლიოს მიაწვდის 3 მლრდ 100 მილიონ ვაქცინას. ვაქცინის ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ „ასტრაზენეკას“ მიერ იქნება წარმოებული. ეს არის პირველ რიგში ეფექტური, უსაფრთხო ვაქცინა. მსოფლიოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ერთადერთი გზა, რათა მსოფლიო მაშტაბით მოვახერხოთ პანდემიის შედეგების დაძლევა. ეს ვაქცინა აუცილებლად საჭიროებს განმეორებით ვაქცინაციას 8-12 კვირის შემდეგ, ვაქცინის მეორე პარტიაც ქვეყანას უკვე შეძენილი აქვს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.