ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებელთან. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, წლის მეორე-მესამე კვარტალში ქვეყანაში ვაქცინების ფართო არჩევანი იქნება.
„გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს ხელშეკრულება დადებული ინდური წარმოების AstraZeneca-სთან დაკავშირებით და ველოდებით მათგან მოწოდების თარიღის დადგენას. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპრილის პირველ ნახევარში გვექნება წვდომა ჩინურ ვაქცინაზე. მნიშვნელოვანი არის, რომ Pfizer-თან მიმართებაში მოგვეცა საშუალება, რომ COVAX-პლატფორმის მიღმა, მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკება ვაწარმოოთ, რაც ვთვლი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც Moderna-სთან, ასევე Johnson&Jonson-თან და ალბათ ახლო მომავალში, მეორე-მესამე კვარტალში, გვექნება ვაქცინების საკმაოდ ფართო არჩევანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.