ექსპერტების ნაწილი მიზანმიმართულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. სამწუხაროა, რომ ექსპერტების ნაწილი მიზანმიმართულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა. დღეს კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისის მერია ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც მონიტორინგი, ისე კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მაღალი რანგის სპეციალისტებისგან, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება გარე პირებს, მათი ადგილზე დაშვება შეზღუდულია, მხოლოდ და მხოლოდ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. როგორც უკვე გაცნობეთ, მომავალი კვირიდან შემოგვიერთდებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას და ამის შემდგომ დაიგეგმება კონკრეტული სამუშაოები“ – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
დღეს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდზე ახალი ბზარები ჩნდება.