ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში კორონავირუსის გავრცელების ზრდა ფიქსირდება.
„სამწუხაროდ, ევროპის რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში ინფექციის გავრცელება გაძლიერდა, რაც ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ზრდას იწვევს. ამის შეცვლა შესაძლებელია, თუ ვაქცინაცია უფრო სწრაფად ჩატარდება და ხალხი პირბადეებს უფრო ხშირად გამოიყენებს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა TASS-თან ინტერვიუში.
ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის ახალ ტალღასთან გასამკლავებლად ვაქცინაციის დაჩქარებაა საჭირო.
„ისრაელიდან შესანიშნავი მონაცემები გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს წინასწარი მონაცემებია, მაგრამ ვხედავთ, რომ როდესაც მოსახლეობის 60% აცრილია, ყველა მაჩვენებლის გაუმჯობესება იწყება: ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის ნაკლები შემთხვევებია. ვაქცინა მუშაობს“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.