ჩემი აზრით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ოპოზიციის განწყობაზე, დამოკიდებულებასა და მზადყოფნაზე, კარგად გაისიგრძეგანოს ის მოცემულობა, რომელიც დღეს შეიქმნა ქვეყანაში, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„როდესაც დიალოგი პირველი რაუნდი დასრულდა, გამოიკვეთა სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი იყო ულტიმატუმი, რომ თუ კონკრეტულად ეს პირობები არ შესრულდება, სხვა პირობებზე საუბარი ზედმეტია. მეორე – გაკეთდა განცხადება, რომ ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი ისაა, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. მესამე – ან ყველაფერი, ან არაფერი. ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით სახეზეა შემთხვევა, რომ ოპოზიციის მხრიდან მზადყოფნაზე საუბარი არ არის. გარდა ამისა, კრიზისი, რომელიც ახლა ქვეყანაში არსებობს, ხელოვნურად შეიქმნა. ეს კრიზისი შექმნა ერთადერთმა ფაქტორმა – ოპოზიციის განცხადებამ, რომ არჩევნების გაყალბების გამო ისინი არ შედიან პარლამენტში. იმ ფონზე, როდესაც არჩევნების გაყალბების არავითარი საბუთი აღარ არსებობს, რამდენად თანმიმდევრულია ეს კრიზისი? ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ოპოზიცია. სხვაგვარად, შეთანხმება იქნება გამორიცხული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.