ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ვანო ჩხარტიშვილი ფოლკლორის ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭებას გამოეხმაურა.
„ქართული გალობა და ქართული ფოლკლორი ჩვენი სამშობლოა და ჩვენ ვუსურვებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, ბატონი ანზორის სახელის უკვდავყოფას. ჩვენ მათ გვერდით ვართ იმისთვის, რომ ბატონი ანზორის ის გეგმები, რომელიც მას ჰქონდა, განვახორციელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიცირებით, დღეს პრემიერ – მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
ცნობილი ლოტბარი, ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი და „ქართული ხმების შემგროვებელი“, როგორც მას ფოლკლორულ წრეებში უწოდებდნენ, 31 მარტს კორონავირუსით გარდაიცვალა.